„ქართული ოცნება“ ოპონენტებზე თავდასხმას ახალი ბრალდებებით აგრძელებს და სახელმწიფო გადატრიალების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. შეთქმულების ახალ სცენარზე არა რომელიმე საგამოძიებო უწყება, არამედ უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ვითარება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც აირეოდა. ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ოპოზიცია დიდი ხნით ადრე ემზადებოდა.
"ყველამ ვიცით რა მოწოდებები კეთდებოდა, მათ შორის რეგიონების დონეზე. სიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, შემდგომ ზუგდიდში იყო დაძაბულობის კერები. შემდგომ იარაღის ხელში აღებაზე, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, სხვადასხვა კონტექსტში, შემდგომ რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაზე, დაუმორჩილებლობაზე, ეს სიტყვები გვესმის პერმანენტულად. ამის საბოლოო განვითარება ვიხილეთ რუსთაველზე პარლამენტის წინ როდესაც იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტის შტურმით აღებასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ოხანაშვილი.