17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
შეუძლებელია, დღეს გახარია იკავებდეს პოსტს, აკავებდეს ადამიანებს და აბრალებდეს სახელმწიფო გადატრიალებას - ანა ჭარხალაშვილი

საპროტესტო გამოსვლების მე-16 დღე - ზუსტად 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავაც განახლდება აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ რეპრესიებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სანამ ვინმეს პასუხისმგებლობას გამოძიებს, ხელისუფლებამ ჯერ საკუთარ ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი.

სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ დამფუძნებელი, ანა ჭარხალაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ებრძვის მომიტინგეებს.

Image may contain: 1 person, close-up and outdoor„შეუძლებელია, დღეს გახარია იკავებდეს პოსტს, იბრძოდეს რუსული მეთოდებით და აკავებდეს ადამიანებს და აბრალებდეს სახელმწიფო გადატრიალებას. რომელ სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ, აქციის მონაწილეებს გვქონდა მოთხოვნა, კობახიძის გადადგომის და შემდგომ არავინ გამოსულა არანაირი ბრიფინგით, არც გაუფრთხილებია ხალხი, რომ დარბევა უნდა ყოფილიყო და ესროლეს დათვის ტყვიები. შესაბამისად, ადამიანების რეაქცია, მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური იყო იმ მხრივ, რომ რაც მოხდა იქ, ემოციებით იმართება და ვერაფერს ვერ მოთხოვ ადამიანს, როდესაც დათვის ტყვიას გესვრიან. მნიშვნელოვანია, გახარიამ დატოვოს პოსტი და შემდგომ დაიწყოს გამოძიება იმ ადამიანებზე ორივე მხრიდან, ვინც ძალას გადაამეტა,“ - აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.

20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე შს მინისტრის პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მმართველობის მონიტორინგის ცენტრის „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელი, გიორგი ნონიაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებას სისხლიანი ღამის შემდეგ, არ აქვს მორალური უფლება, რომ სხვების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბროს.

„ჩვენ ამ აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, ვართ ის ადამიანები, რომლებიც შერჩევით სამართალს უარვყოფთ. ამიტომ, გვგონია, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ზოგადად, ვისაც რამეში მიუძღვის ბრალი. მაგრამ 15 დღეა, აქ ხალხი ვდგავართ ზუსტად იმიტომ, რომ გვგონია, რომ პირველ რიგში, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ეს არის გიორგი გახარია, მინისტრი. მე მგონია, რომ ხელისუფლებამ არ დაიტოვა არანაირი მორალური უფლება, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე ილაპარაკოს ამ წუთას, როდესაც თავად ძალიან მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და საკუთარ ხალხს თვალები დათხარეს და დაერივნენ სრულიად არაპროპორციულად,“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

დღის ამბები