17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ტექნიკური ხარვეზი თუ გამიზნული ქმედება - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული სხდომების ჩანაწერები წაშლილია

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესებით მოცულ ორგანოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ჩატარებული სხდომების ჩანაწერები წაშლილია. იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხდება იქ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სხდომები ვიდეოკამერებით იწერება. ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილის დროიდან მოყოლებული, სხდომები, მონიტორის თავზე დამაგრებული კამერით იწერებოდა და ინახებოდა. მოულოდნელად კი სერვერიდან, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი მასალები და სხვა დოკუმენტები ინახებოდა, გაქრა.

"პოსტსკრიპტუმს" ინფორმაციის გამოთხოვისას მისწერეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ბაზაში, 2017 წელს წაიშალა სერვერზე არსებული ინფორმაცია, მათ შორის საბჭოს სხდომის ოქმები.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, სერვერების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი პირი ქსელისა და სისტემის ადმინისტრატორი, გიორგი კარიაული იყო. სერვერის დაზიანების შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა ერთი წლის შემდეგ, საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა, ზუსტად ერთ თვეში კიდევ ერთი სხდომის ჩანაწერი გაქრა.

გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ტექნიკური პრობლემების განმეორების შემდეგ ქსელის ადმინისტრატორი გიორგი კარიაული სამსახურიდან თავად წავიდა, შესაბამისად მისი პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დამდგარა.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ვინმემ შეისწავლა წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის დაკარგვის ფაქტი, თუ ეს თემა განგებ დაიმალა. არც ის არის ცნობილი, იყო თუ არა წაშლილ მასალებს შორის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც მოსამართლეთა, ან საბჭოს წევრთა გადაცდომებს ასახავდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობენ, რომ კონსტიტუციურ ორგანოში სერვერზე ინფორმაციის წაშლა სერიოზული საკითხია და სათანადო შესწავლა სჭირდება.

 

 

დღის ამბები