პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა ბოთლები ესროლეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთა გიგა მაქარაშვილი და მიშა მშვილდაძე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე 19 დღეა პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია იმართება. დღეს კი რუსთაველის გამზირი ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა დაიკავეს.
აქციაზე მყოფი სასულიერო პირები, რომელბიც ლევან ვასაძესთან ერთად „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ და ვითარების განმუხტვა შეძლეს.
„შემოვედით და დავდექით. შე დალოცვილო, ბოთლებს პრემიერსაც ესვრით და ყველა ყველას ესვრით. ისე გავგიჟდით ერი და ყველა ყველაფერს ვისვრით,“-ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
აქციაზე იმყოფება ჯონდი ბაღათურია. მისი თქმით, პარლამენტის ტერიტორიაზე მივიდა "რაღაც ჯგუფი, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ".
დაპირისპირების შემდეგ ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა და "ქართული მარშის" წევრებმა ლოცვა დაიწყეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ის ანტისაოკუპაციო აქციას უერთდებიან, თუმცა გახარიას გადადგომის მოთხოვნას მხარს არ უჭერენ.