17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ჩვენ, ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები გვაქვს... საქართველოსგან არაფერი გვჭირდება - რუსეთის სათათბიროს წევრები 

რუსეთის სათათბიროს წევრები საქართველოს უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. სათათბიროს წევრების განცხადება „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანის მონოლოგს მოჰყვა. 

დეპუტატები საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდიან, რომელთა შორისაც იქნება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტისა და ფულადი გზავნილების აკრძალვა. ამ საკითხს სათათბირო ხვალინდელ სესიაზე განიხილავს.

მკაცრი ზომების მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი.

"უნდა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები. ყელში ამოვიდა ეს შეურაცხყოფა. ავკრძალოთ ნებისმიერი ტურისტული მოგზაურობები ჩვენს მიმართ მტრულ ქვეყანაში, შევწყვიტოთ საფოსტო გზავნილები, ქართული ღვინოების, ბორჯომისა და ნებისმიერი სხვა პროდუქტის შესყიდვა. ჩვენ ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიაში იმდენი, რომ ბანაობა შეიძლება. საქართველოსგან არაფერი გვჭირდება,“ - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების გატანის შეჩერებასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებაზე საუბრობს ფრაქცია "ედინაია როსიას" თავმჯდომარე, სერგეი ნევეროვი.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსოფობიული ქმედებების განწყობას საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის იქ რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. ვხედავთ, თუ როგორ ესხმიან თავს სხვადასხვა თავგასული ელემენტები ჩვენს ტურისტებს, აჩერებენ ჩვენს ავტომობილებს და ხევენ გეორგიევსკის ლენტებს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინისა და წყლების შემოტანის შეჩერებისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ,“ - განაცხადა სერგეი ნევეროვმა.

ქართული ღვინის გაყიდვის აკრძალვას და საქართველოსთვის სანქიცების დაწესებაზე საუბრობს "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ფრაქციის დეპუტატი, ივან სუხარევი.

"რუსეთის მიმართ აგრესიული ქმედებები დაუშვებელია. ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ. უნდა იგრძნონ, რომ სახეში არ უნდა შეგვაფურთხონ. ჩავკეტოთ საზღვარი, ავკრძალოთ გადაზიდვები და რა თქმა უნდა, ავკრძალოთ ქართული ღვინის გაყიდვა და შესაძლოა წავიდეთ კიდევ უფრო შორს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ეკონომიკური კუთხით. საქართველომ უნდა იგრძნოს რუსეთის მხრიდან სანქციების ცივი ჰაერი,“ - განაცხადა ივან სუხარევმა.

„პოსტსკრიპტუმის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება "კომუნისტური პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარე, გენადი ზიუგანოვი.

„რაც მათ ტელე ეკრანებზე იყო, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს პირველ რიგში იყო ქვეყნის და ნიჭიერი ერის თავზე ლაფის დასხმა. ვფიქრობ, თავად გასცემენ პასუხს ამ ნაძირლებს. რაც შეეხება ჩვენს პრინციპულ პოზიციებს, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ქართველ ხალხთან კავშირების გასაღრმავებლად. როდესაც ვსაუბრობთ ამერიკელების ან ევროპელების მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სანქციები კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ისინი, ვინც ჩვენი მტრები და ნაძირლები არიან იმ ხალხისგან, რომლებიც პატიოსნად შრომობენ და სურთ ჩვენთან მომავალშიც განავითარონ ურთიერთობები,“ - განაცხადა გენადი ზიუგანოვმა.

დღის ამბები