გიორგი გაბუნიას მონოლოგს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, უხერხული და უადგილოა ეკრანიდან რუსულ სტილში და რიტორიკით საუბარი.
მისი განმარტებით, წამყვანის განცხადების უხამსი ფორმის მიუხედავად, მომხდარზე ხელისუფლებას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.
„ივანიშვილი ქმნის ქაოსს და არეულობას, იმისათვის, რომ ჩაახშოს ის დიდი აღშფოთება, რომელიც არის ხალხში კორუფციის გამო, უთავმოყვარეო პოლიტიკის გამო, ქურდობის გამო, იმის გამო, რომ პრაქტიკულად საქართველო იცლება ხალხისგან და ხალხს გადაუკეტეს არსებობის საშუალებები.
"გიორგი გაბუნია ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ მედიას, რუსული მედია მრავალი წლის განმავლობაში მაყენებდა მე პირადად წარმოუდგენელ შეურაცხყოფას, წარმოუდგენელ ტყუილებს მიგონებდა, ათასგვარ ეპითეტებს მეძახდა, თვითონ ვლადიმერ პუტინი მემუქრებოდა ერთი ადგილით დაკიდებით, ეს ყველაფერი დედის რძესავით შეირგო საქართველოში ბევრმა და უფრო მეტიც ბევრს უხაროდა.
"არ უნდა დავემსგავსოთ მათ, არ უნდა მივცეთ არგუმენტები, ვინც თვლის, რომ პუტინი თავს დაგვესხა, რომ მე მას თითქოს რაღაც დავუძახე, ჯერ ერთი არასდროს ორი მე პუტინისთვის არაფერი მიწოდებია და მეორე, მე ვიყავი ყოველთვის ძალიან ზრდილობიანი, მაგრამ ვიყავი ძალიან მტკიცე.
"პუტინი მთხოვდა, რომ დამენიშნა მათთვის უშიშროების მინისტრი, როგორც ივანიშვილმა დანიშნა გახარია, როგორც პუტინის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობაში. პუტინი მთხოვდა, რომ საქართველო არ ყოფილიყო განვითარებული, სწრაფად წინმსვლელი ქვეყანა და ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ეს იყო ჩემი მთავარი ამოცანა, ამის გამო დაგვესხა თავს და არა იმიტომ რომ მე მას შეურაცხყოფა მივაყენე. ჩვენი ინტერესები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება.
"იცით, რომ მე პირადად ბევრად პოპულარული ვარ ბევრ რუსში, ვიდრე ნებისმიერი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ნებისმიერი უთავმოყვარეო წარმომადგენელი, იმიტომ რომ ისინიც აღფრთოვანებული იყვნენ საქართველოს რეფორმებით. ლუზერი თუ ხარ, არავის სჭირდები. ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებულები, ამიტომ გვჭირდება განვითარება, ეროვნული კონსოლიდაცია და ჩვენ უნდა ვიყოთ იმდენად მიუწვდომელი ყველასათვის, რომ არავის არ მოუვიდეს ჩვენი თავში წამორტყმა და ჩვენი შევიწროება,“-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.