„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ხელისუფლების მიერ სტუდენტური თვითმმართველობების ჩართვას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
საქმე ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტების თვითმმართველობების სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტექსტებს, სადაც სასვენი ნიშნებითაც კი იდენტურია. განცხადებებით სტუდენტებს მოუწოდებდნენ, "რუსთავი 2"-ის ოფისთან შეკრებისკენ.
"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობებს წინასწარ შედგენილი ტექსტები გადაუგზავნეს და სწორედ ამიტომ იყო იდენტური მათი განცხადებები.
„საერთოდ, სტუდენტური თვითმმართველობები, არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებების დროსაც, იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი, კომკავშირის გაგრძელება. ანუ ეს არის ხელისუფლების ნაწილი, პარტიული აქტივის ნაწილი, რომლებიც სტუდენტების პერიოდში აქტიურობით უკვე აფილირებულები არიან ხელისუფლებასთან, მმართველ ძალასთან, ეს განცხადება იყო ამის პირდაპირი ლუსტრაცია, როდესაც სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობა სიტყვა სიტყვით ერთნაირ ტექსტს დაწერს, ეს ცხადია, რომ არცერთს არ დაუწერია, მიიღეს მათ ზემოდან და მერე გაავრცელეს, კარგი აქ ის არის, რომ მათ მოუწიათ აღება, ამან, რომ გამოიწვია პროტესტი,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი, ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი ინტერესების შესაბამისად იყენებს სტუდენტურ თვითმმართველობებს.
„ეს პრაქტიკა, ბოლოსდაბოლოს, უნდა დამთავრდეს, ეს არის ამაზრზენი პრაქტიკა და ეს ხელისუფლება, ბოლოს ჩვენ კანონიც გვახსოვს, როგორ გადაიტანეს, მაგალითად, ახალგაზრდობის დეპარტამენტის თანხები პირდაპირ დაუქვემდებარეს პრემიერს და ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არის განათლებიდან თანხების წამოღება და მსგავსი მიზნებისთვის გამოყენება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სტუდენტურ თვითმმარველობებს ისინი არ აკონტროლებენ და პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებენ.
„მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამას, ძალიან ცუდი პრაქტიკა და გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით, ენმ-სთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ, როგორც ადრე, ისე დღესაც ვემიჯნები მსგავს მიდგომებს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა გახლავთ ის, რომ მაქსიმალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გარკვეული წლების განმავლობაში განიცდიდნენ სახელმწიფოსგან წნეხს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ცოტნე ზურაბიანი.