17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
მსვლელობა შს სამინისტროსთან - ხმაურიანი დაპირისპირებების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" ღირსების მარში შედგა

უშედეგო მცდელობის და ხმაურიანი დაპირისპირებების შემდეგ, ლგბტ თემის წევრებმა და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა, მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართეს. რამდენჯერმე ჩაშლილი ღირსების მარშის შემდეგ, დღეს მათ მსვლელობის გამართვა მაინც მოახერხეს. 

იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ხოლო ლევან ვასაძის რადიკალთა დაჯგუფება რუსთაველის გამზირიდან სამინისტროსკენ დაიძრა, ლგბტ თემის ღირსების მარში, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და დროზე ადრე დასრულდა.

„თბილისი პრაიდის“ მსვლელობა დილის 9:00 საათზე იყო ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ პრაიდის ორგანიზატორები ცდილობდნენ, საიდუმლოდ შეენახათ ღირსების მარშის ჩატარების დრო და ადგილი, ინფორმაციამ რადიკალებთან მაინც გაჟონა. ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით, სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროსთან მისვლა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მოუწოდა. სწორედ იქ, სადაც დილის 9 საათზე მსვლელობა უნდა დაწყებულიყო.

დროშა, ცისარტყელას ფერებში ლევან ვასაძისა და მისი დაჯგუფების თავზე რამდენიმე წუთი დაფრინავდა. ასე სარკაზმულად ლგბტ თემმა თავისი სათქმელი ჰომოფობებამდე მაინც მიიტანა.  

რუსთაველის გამზირზე ლევან ვასაძის რადიკალთა ჯგუფის წევრები, დღეს დილით გამაგრდნენ, სადაც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ.

ვასაძის დაჯგუფებამ პარლამენტის შენობასთან იმ ახალგაზრდების ადგილი დაიკავა, რომლებიც თითქმის 20 დღეა რუსულ ოკუპაციას საკუთარი სისხლის ფასად აპროტესტებენ. 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები