პროტესტის მე-20 დღე - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები საღამოს 19:00 საათიდან პარლამენტის წინ ტრადიციულად შეიკრიბებიან. აქციას შეუერთდებიან პოლიტიკოსები, რომლებმაც მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რასაც მისი თქმით, იმ ავტომობილის გატაცებაც ადასტურებს, რომელშიც გახმოვანების აპარატურა იყო განთავსებული.
„პიკაპს რომ გაიტაცებ, აპარატურას რომ არ მოიყვან, მანქანას არ დააყენებინებ ძალიან დასუსტებული ხარ. ვერაფერი ეს ვერ იმოქმედებს სამ რამეზე: პროტესტის გაგრძელდება, იქნება მშვიდობიანი, გახარია გადადგება,“-ამბობს ელენე ხოშტარია.
გიგა ბოკერიას თქმით, გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება ისევ მოიყვანს კონტრაქციის მონაწილეებს, იგივე განმეორდება, რაც გუშინ დღისა და მთელი ღამის განმავლობაში.
„თუ ეს ცდუნება ისევ ექნება ივანიშვილი რეჟიმს, რომ ეს ხალხი ნაწილი მოტყუებით და ნაწილი შეგნებულად ისევ აქ მოიყვანოს და ჯებირები დაგვახვედროს, ისევ იგივე მოხდება რაც გუშინ იყო, იქნება მსვლელობა და რუსთაველი გადაიკეტება,“-ამბობს გიგა ბოკერია.
აკაკი ბობოხიძის განცხადებით კი, ხელისუფლება მხოლოდ რაოდენობას და ძალას სცემენ პატივს, გონიერ აზრს კი არაფრად მიიჩნევენ.