თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შესახებ არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. 2 თვის წინ პროკურატურის მიერ ოჯახისთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ საგამოძიებო დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო, არ შესრულდა.
სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის ბიჭის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანაში რუსეთის მიერ მართული „ქართული ოცნება“ იარსებებს, სამართალი ვერ იზეიმებს. შვილმკვდარი მამა აცხადებს, რომ მასთან პირად საუბრებში მაღალჩინოსნები შეცდომას აღიარებენ, თუმცა ამის საქვეყნოდ გაცხადებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.
„პირდაპირ პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელს და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის. არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში „ქართული ოცნება“. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, მე გაუნათლებელი ადამიანი თუ ეს დავინახე ნათლად, მართლა ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“.
მე თვითონაც ამას მეუბნებიან, „დიახ, ჩვენ დავუშვით შეცდომა“ , მაგრამ ამის აღიარება არ მოხდება. აი, ამას მეუბნებიან პირდაპირ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალჩისნონები,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ოპზოციის მოთხოვნას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული კომისიის შექმნის მოთხოვნით შვილმკვდარი მამა ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. ის ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებს, თუმცა ადგილზე ღამის გათენებას დაზიანებული კარვის გამო ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, ახალი კარვის შეძენისთანავე აქციებს განაახლებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, არ შეწყვეტს ბრძოლას მანამ, სანამ მის შვილს, უდანაშაულოდ არ ცნობენ.