17 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია არ იქნება - რუსთაველზე აქცია განახლდება

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 7 საათისთვის განახლდება. პარლამენტის შენობასთან შიმშილობას კვლავაც აგრძელებს 2 მოქალაქე. გუშინდელისგან განსხვავებით, იქ აღარ ჩანან ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრები, რომლებმაც გუშინ ტერიტორია მოულოდნელად დაიკავეს.

დღეს უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-20 დღეა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, სურთ რუსეთი თუ ევროპა.

„გუშინ რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი წყდებოდა და ეს გადაწყდა რუსთაველის გამზირზე. საკითხი იდგა ასე: ჩვენ ვართ რუსული სახელმწიფო თუ ევროპული. ქართველმა ახალგაზრდებმა, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს ის, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთის გუბერნია. ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ ბოლომდე დავრჩენილიყავით და გაგვემაგრებინა ჩვენი სცენის მიმდებარე ტერიტორია, რაც მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ძალიან ბევრი ფიზიკური შეურაცხყოფა მოვითმინეთ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავები, ფაქტობრივად, არ რეაგირებდნენ ამაზე და ისინი ერთგვარი შუამავლების როლს თამაშობდნენ. ჩვენ პირობა მივეცით ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალდა 20 ივნისის ღამე  რომ ჩვენ არ დავტოვებდით პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიას, მანამ სანამ გიორგი გახარია არ გადადგებოდა და ჩვენ ამ პირობას უკვე მეოცე დღეა, ვასრულებთ,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დღევანდელი აქცია იქნება სტანდარტული, იქნებიან გამომსვლელები, მათ შორის პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ღამე მათთან ერთად გაატარეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ჯგუფები შეეცდებიან, აქციის მშვიდობიან მსვლელობას ხელი შეუშალონ, ორგანიზატორები მშვიდ გარემოში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ადამიანები ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ. მხოლოდ ძალაუფლების ცენტრები თავისი ბინძური ბოროტი მიზნებისთვის ცდილობენ ისეთ მანიპულაციას, რომ ეს ვერ შევძლოთ, მაგრამ ვიზრდებით როგორც საზოგადოება და არ ეხება ეს მხოლოდ ამ აქციის ორგანიზატორებს. ეხება ამ ქვეყნის მოსახლეობის ყველა სხვადასხვა ნაწილს. ზოგიერთი რაღაც ვერ გამოდის აგრესიის და მიუღებელი გამოხატვის ფორმების მეთოდებიდან. დღესაც იყო აქ შემთხვევა, მოვიდნენ და ეგრევე გვაგინეს. თუ მოვლენ ეს არსებად ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის. ჩვენ ისევ შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე დავსხდებით ერთად გადავწყვეტთ, უცებ, კრიზისულ სიტუაციაში რა არის ყველაზე პასუხისმგებლიანი და სწორი ამბავი ამ შემთხვევაში,“ - განაცადა ზუკა ბერძენიშვილმა.
 

დღის ამბები