17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
„ვგეგმავთ ხელმოწერის შეგროვებას, კანონით გვინდა, აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება" - გურამ ფალავანდიშვილი

მთელ საქართველოს მინდა მივულოცო, მოსახლეობამ გაიმარჯვა და არ ჩატარდა გარყვნილების პროპაგანდა - პრაიდი“ - ეს განცხადება გურამ ფალავანდიშვილმა გააკეთა. დაჯგუფება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამართვას აპროტესტებს, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ისინი პარლამენტს კონკრეტული კანონის მიღების მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ. მისი განცხადებით, კანონით უნდა აიკრძალოს "ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება".

„ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის, მილიონ ნახევარი ხელმოწერის შეგროვებას. როცა შევაგროვებთ მას, მერე დავდგებით პარლამენტთან და არ დავიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ კანონს. კანონით გვინდა, აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება, სკოლებში სწავლება ამის შესახებ ასევე ჰომოსექსუალებს აეკრძალოთ პედაგოგად მუშაობა, ჯარში მსახურობა და მთავრობაში მუშაობა,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მათი შეკრების ლოკაცია ამიერიდან ვაკის პარკი იქნება.   

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ვადას ოქტომბრამდე უწესებენ. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილდა და პარლამენტი შესაბამის კანონზე მუშაობას არ დაიწყებს, ოქტომბრიდან მასშტაბური აქციები დაიწყება.

გურამ ფალავანდიშვილი ანტისაოკუაპციო აქციებსაც ეხმაურება, რომელიც უკვე, თითქმის, სამი კვირაა, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იმართება. ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების მოთხოვნებს იზიარებს და მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„მე ვიზიარებ ანტისაოკუპაციო მოთხოვნებს თვალის ამოთხრის გამო, ასევე ვიზიარებ პუტინთან დაკავშირებულ პოზიციას, თუმცა გინებას არა,“ - ამბობს ფალავანდიშვილი.

ის, ასევე გუშინ ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მათი მიზანი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა. ამბობს, რომ ისინი იქ „თბილისი პრაიდი“ გასაპროტესტებლად მივიდნენ და პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვაზე ექსკლუზიური უფლება არავის აქვს. 

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი იქ არ ყოფილა ხელის შეშლა, ჩვენ უბრალოდ მივედით გუშინ იქ იმიტომ, რომ ეს იყო გადამწყვეტი პრაიდის დაანონსებული დღე და რუსთაველზე არავის არ აქვს ექსკლუზივი, რომ რადგან 22-ე დღეა, არავინ აღარ მივიდეს. იმ დღეს ჩვენ მივედით და ვთხოვეთ მათ, რომ ნუ შეგვიშლით ხელს, ჩვენ გვინდა დღეს აქ ვიდგეთ.... მე გახარიას და "ოცნების" თამაშს არ ვთამაშობ და არც პუტინის, რომ ხელი შევუშალო მათ, იქ რომ იდგნენ,“ - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი. 

დღის ამბები