17 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა - საია-ს ანგარიში

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა - ეს ტენდენციები საია-მ 20-21 ივნისის სისხლიანი მოვლენების შესწავლისას გამოავლინა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სამართალდამცავების მოქმედებაზე პასუხისმგებელი შს მინისტრია, შესაბამისად, სადამსჯელო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირიც ის არის. საია-ს დოკუმენტის თანახმად, ის ვერსია, რომ სამართალდამცავები თვითნებურად მოქმედებდნენ ასევე იმის მანიშნებელია, რომ გახარიას უწყება მას არ ემორჩილება, რაც  მდგომარეობას უფრო ართულებს.

„ის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება შეიძლება არ ყოფილიყო მიღებული შს მინისტრის მიერ, ეს არაფრით არ ამსუბუქებს მინისტრის პასუხისმგებლობას, თუ ეს არ არის მის მიერ მიღებული კიდევ უფრო უარესი. მაშინ ვიღაც სხვა იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს და თუ სხვას უნდა მიეღო, ამ თემაზე უნდა ყოფილიყო ცალკე მიღებული გადაწყვეტილება, ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ მართავდა, რა როლი ჰქონდათ იქ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს. თუ ვსაუბრობთ, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება საკითხი ასეთ შემთხვევაში, ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი,“- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

სალაძემ ასევე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც  ყურადღება ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში გამახვილდება.

„მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე, პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების ანალიზი იქნება ჩვენი ინტერესის საგანი, თავისთავად. აქციის დაშლის შემდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები და დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები იქნება ჩვენი ინტერესის საგანი. მათ შორის, ვისაუბრებთ ჟურნალისტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც გითხარით და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა იქნება ერთ-ერთი კომპონენტი. დიდი ნაწილი დაეთმობა 20-21 ივნისი რამეს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო საქმეებს და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ პრობლემას, რაც უკვე წინასწარ ვიცით და ვხედავთ ამ კოდექსთან დაკავშირებით და ასევე, რა თქმა უნდა, იქნება ამ საქმეების ანალიზი. არაერთი ადამიანი საუბრობდა ამ დღეების განმავლობაში, რომ დაკავების შემდეგ, მათ მიმართ ფიზიკური ძალა იყო გამოყენებული. ასევე, საუბრობდნენ, რომ შეიძლება ყოფილიყო იქ სირცხვილის კორიდორი მოწყობილი. ჩვენ გვინდა, რომ მთლიანობაში ეს ყველა ინფორმაცია შევკრიბოთ და სამართლებრივი ანალიზის შედეგად უკვე ანგარიშის სახით წარმოვუდგინოთ საზოგადოებას,“- განაცხადა სალაძემ.

საია მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული 305 პირის საქმიდან 70-ის მიმართ დაცვას თავად აწარმოებს. დეტალურ ანგარიშს ორგანიზაცია დღეს გაასაჯაროებს.

დღის ამბები