"ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“ ხელს გვიშლის ცხოვრებაში, გვარამია მოგვიკითხე, თბილისში მოვინახულებთ" - ასე მიმართეს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს შეკვეთილში იმ ადამიანებმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი დაშალეს.
აქციის მონაწილეებს თავს, დაახლოებით, 50-მდე ადამიანი დაესხა. მათი უმეტესობა სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, "ტიტუშკებმა" დაშალეს კარავი, ჩამოხსნეს საპროტესტო ბანერები, მოშიმშილეები კი ადგილიდან გააძევეს.
"არავის არ დავუფინანსებივართ საწვავიც „ნისიად“ ჩავასხით, გზა გადაკეტეს, ხელს გვიშლიან მოძრაობაში, „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“ და ამდაგვარი ხალხი ხელს გვიშლის ცხოვრებაში. მოუძღვებიან რუსებს, ჩვენ არ დაგვიშლია, ქარმა დაშალა, ალბათ, გვარამია მოგვიკითხე, თბილისში მოვინახულებთ, მშვიდობიანად ვიქცევით. „რუსთავი 2“ უნდა დაიკეტოს, „ნაციონალების“ პოლიტიკურ მოღვაწეობაც უნდა აიკრძალოს, სახლში უნდა იშიმშილონ, ქუჩას ნუ გვიკეტავენ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.
ბიძინა ივანიშვილის სახლთან 2 კვირაზე მეტია, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გახარია პოსტს არ დატოვებს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე