პროტესტის 21-ე დღე - პარლამენტის წინ, მავთულხლართებზე 20 ივნისის სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
სიმბოლურად, 20 ივნისის აქციის მონაწილეების სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები, მავთულხლართებზე ჩამოკიდეს.
„აქციის პირველივე დღიდან აქ ვდგავარ, პირველ დღეს როდესაც გადავიღე ფოტოები იყო ფერადი მაგრამ შემდეგ ჩემს აღქმაში ყველაფერი გაშავთეთრდა, დარბევის შემდეგ და გადავწყვიტე, რომ ჩემი ფოტოები ყოფილიყო შავ-თეთრი. მე აქ ვარ მოქალაქის როლშიც მოსული რომელსაც უნდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ვფიქრობ რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება“-განაცხადა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა.
2000 ფოტოდან 500 შეირჩა. აქციის მონაწილეები ახსენებენ ხელისუფლებას, რომ სირცხვილია, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში გავრილოვის ღამის ავტორი და შემსრულებელი ზის.
„ეს ადამიანები, რომლებიც მიყურებენ ობიექტივში, ამ ტკივილით და იმედგაცრუებით სავსე თვალებით, რომლებიც ეძებენ იმედს და ცდილობენ იპოვონ გამოსავალი. ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანი რომელიც მოდის აქ და დგას, რომელსაც უნდა იცხოვროს ჯანსაღ სახელმწიფოში, რომელიც მისცემს საშუალებას რომ თავისი ცხოვრება ისე ააშენოს როგორიც მას უნდა,“-განაცხადა ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ.
გამოფენის პარალელურად პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე კადრებიც გავიდა. გამოფენის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოშლიან. მათი მიზანია ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაქრეს ეს ბარიერები.
„ოკუპაციაზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ ვაპროტესტებთ პირველ რიგში სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც ბოლო 7 წელში არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში არაფერია თუ არა თემის მიმალვა, მიჩუმათება. ამ გამოფენით მათშორის ერთმანეთს შევახსენეთ როგორი კავშირი არსებობს ქართული ტერიტორიები ოკუპაციას და ამ აქციებს შორის რომელიც აქ იმართება,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ