17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი გრძელდება - მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს

ყველაზე ხანგრძლივი ქუჩის პროტესტი გრძელდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ კარავში ცხოვრობს და მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს. მაჩალიკაშვილის დისკრედიტირებას ცდილობს ამ დრომდე სუს-იც. საგამოძიებო უწყება დაკითხვაზე იბარებს ყველას, ვინც პროტესტის მთავარ გმირს ეხმარება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები მალხაზ მაჩალიკაშვილის ახლობლებს ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარე გამოძიების გამო იბარებენ და ეკითხებიან, ვინ აფინანსებს მალხაზ მაჩალიკაშვილს და უხდით თუ არა ხელფასს მათ შვილმოკლული მამა.

დღეს, მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი, გიორგი ოლქიევი  გამოიკითხა. ის შვილმოკლულ მამასთან ერთად, პარლამენტთან გაშლილ კარავში, თითქმის, ერთი წელია ათენებს ღამეს. 

4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ოლქიევმა თქვა, რომ სუს-ს აინტერესებდა, შეესწრო თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის საუბარს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ 2 თვის წინ გამოაქვეყნა.

ვინ აფინანსებს მალხაზ მაჩალიკაშვილს არაოფიციალურად, საგამოძიებო უწყება ამ კითხვის პასუხს უკვე წელიწადზე მეტია ეძებს. შვილმოკლული მამის გარემოცვიდან აქამდე გამოკითხულ ყველა პირს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირითადად დაფინანსების შესახებ ეკითხებიან. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მოწმეთა ჩვენებებით სუს-ი მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის შეკერვას ცდილობს.

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს სრულად უჭერს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა კომისიის შექმნას კენჭი უკვე ერთხელ უყარა და ჩააგდო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თემირლანი სახელმწიფომ მოკლა და ამიტომ ამბობს უარს კომისიის შექმნაზე.

დღის ამბები