ერთი ღამის ისტორია - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გამოფენილ ფოტოებს, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს ასახავს. აქციის მონაწილეებმა, აქციიდან 21-ე დღეს ფოტო გამოფენა მოაწყეს. მათ სიმბოლურად ფოტოები მავთულხლართებზე ჩამოკიდეს. ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით ფოტოები რომელიც დღეს წარმოადგინეს ერთგვარ მტკიცებულებებსაც კი წარმოადგენს იმისა თუ რა მოხდა გავრილოვის ღამეს.
„ეს ფოტოები არა მხოლოდ ასახავს იმ ღამეს, არამედ გარკვეულწილად მტკიცებულებებიც არის თუ რეალურად რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს და რა მეთოდები გამოიყენა გიორგი გახარიამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტიურად ერთი ღამის ისტორია მოთხრობილი ფოტოგრაფების მიერ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ახალგაზრდებმა დღეს 2 ათასამდე ფოტო გამოფინეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით მათ ამ ფოტოებით საქართველოს უახლესი ისტორია გააცოცხლეს.
„არ დასრულდება ეს აქცია სანამ არ მივაღწევთ შედეგს. და არ აქვს მნიშვნელობა რომელი დღეა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი გაჯიუტდება ხელისუფლება იმიტომ რომ აქ არის სრული სიმტკიცე რომ საზოგადოება მოსთხოვს პასუხს გახარიას და ქართულ ოცნებას. დღევანდელი გამოფენა არის ჯერ ერთი იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს არ ელევათ იდეები და ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ იმ ძალადობას რაც მოხდა. გააპროტესტებენ ოკუპაციას. დღეს მათ უკვე გამოფინეს ისტორია, ოცდამეერთე დღეს უკვე ისტორია, რომელიც ამ 20 დღის ისტორია კი არ არის, არის ჩვენი ქვეყნის ისტორია,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
აქციის მონაწილეები საქართველოს სამსახურში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტს განაგრძობენ. აქცია ტრადიციულად ხვალ, 19:00 საათზე განახლდება.