17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები განხორციელდეს? - მამა ანდრიას შეკითხვა საერთაშორისო კონფერენციაზე

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ერთი პანელი დემოკრატიის განვითარებას, ტრანსფორმაციას ეძღვნებოდა. პანელზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სასულიერო პირებმა დისკუსიის მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა, აუცილებელია თუ არა პრაიდის გამართვა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ აგრესია მანამდე არ არსებობს, სანამ საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ ახდენენ.

„საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.

დისკუსიის მონაწილეებმა საპატრიარქოს წარმომადგენელს უპასუხეს. შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კერსტინ ლუნდგრენმა ტოლერანტული საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებული უფლებები. ეს გულისხმობს, როგორ უნდა შევქმნათ ტოლერანტული საზოგადოება. ეს არის მთავარი მიზანი, ყველა პრინციპის გათვალისწინებით,“ - განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, მიხაილ როთმა აღნიშნა, რომ გაუმართლებელია თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს.

„მე რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საერთაშორისო უფლებებია და არასოდეს არ უნდა განვასხვავოთ მათი აღმოსავლური ტრადიციული ინტერპრეტაცია დასავლური ინტერპრეტაციისგან. არა მხოლოდ ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად ტოლერანტობასა და პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტ თემის მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. ეს სრულიად მიუღებელია,“ - განაცხადა მიხაილ როთმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზურაბ მნაცაკანიანის თქმით, დისკრიმინაცია დაუშვებელია.

„ჩვენს თავს უნდა შევახსენოთ ხოლმე, რომ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. მიმაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რაიმე ფორმას. ეს არის სრულიად მიუღებელი. თუ ვინმე ტრადიციული, ისტორიული მონაცემების მიხედვით, მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია ამ მხრივ მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავგმოთ ამგვარი ტენდენცია. ეროვნული ლგბტ-ს დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქონდეს ერთიანი შეთანხმება. რატომ არ ვლაპარაკობთ, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და ვაკეთებთ აქცენტებს მარტო ლგბტ ჯგუფებზე. ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ სადაც ვხედავთ რომ ფუნდამენტური უფლებები ირღვევა,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზურაბ მნაცაკანიანმა.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ენ ეესმამ კი გაიხსენა 30 წლის წინანდელი მოვლენები საქართველოში. მისი თქმით, საბჭოთა ჯარისკაცების ნიჩბებით ადამიანის უფლებები დაირღვა. მისი განცხადებით, დღეს სხვა პირობებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს.

„საკმაოდ ასაკიანი ვარ, რომ მახსოვდე სიტუაცია. 30 წლის წინ ვიყავი საქართველოში. მაშ შემდეგ რაც საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა თბილისში, ადამიანის უფლებები დაირღვა, საბჭოთა ჯარისკაცების ნიჩბებით. მე მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და მოვამზადე რეპორტაჟი ამ ტრაგედიაზე. დღეს ვცხოვრობთ განსხვავებულ პირობებში,  მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის,“ - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ენ ეესმამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები