საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობა და მასში არსებული ხარვეზები - საკითხი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის საქმიანობაში გასულ წელს დაფიქსირდა.
საჯაიამ ყურადღება წინასაარჩევნოდ პარლამენტის და მისი თავმჯდომარის მხრიდან წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე აგრესიულ რიტორიკასა და თავდასხმებზე გაამახვილა. მან ასევე დადებით მოვლენად შეაფასა ოპოზიციის მოთხოვნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა ამ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობასაც გაუსვა ხაზი.
„ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეს წელი, 2018 წელი პარლამენტის თანამდებობის პირების და პირველ რიგში, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აგრესიული რიტორიკით და თავდასხმებით არასამთავრობო სექტორის მიმართ და განსაკუთრებით ეს მწვავდებოდა ხოლმე წინაასარჩევნო პერიოდში. 2018 წელს პირველად შეიქმნა საგამოძიებო კომისია ოპოზიციის მოთხოვნით. არც მე-9 მოწვევის, არც მე-8 მოწვევის ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ უარყოფითი მოვლენა თან სდევდა ის, რომ არცერთი რეკომენდაცია ამ კომისიის არ იქნა შესრულებული,“- განაცხადა საჯაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყურადსაღებად მიიჩნიეს პარლამენტის წევრების მხრიდან არაეთიკური ქცევა და მათ მიერ პლენარული სხდომების გაცდენის საკითხიც. საჯაიას ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომის გაცდენის 1500 შემთხვევა დაფიქსირდა.
„არსებობს მუდმივი პრობლემები პარლამენტის საქმიანობაში, მათ შორის, პარლამენტის წევრთა ეთიკური ქცევა. 2018 წელს კვლავ იყო ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში, მათ შორის, სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური დაპირისპირება. არსებობს მუდმივი პრობლემები, რომელსაც პარლამენტი ვერ ელევა ამდენი წელი. პირველ რიგში, ეს არის პარლამენტის წევრთა მონაწილეობა პლენარულ სხდომებში, გაცდენები. მაგალითად, 2018 წელსაც 1500 გაცდენა მოხდა ოჯახური მდგომარეობის მიზეზით,“- განაცხადა საჯაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, პარლამენტში 16 მდუმარე დეპუტატია, რომლებსაც სხდომებზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. 16-ივე მათგანი უმრავლესობის წევრია. ყველაზე აქტიური დეპუტატების სტატუსი კი, ეკა ბესელიას და ანრი ოხანაშვილს ერგოთ.
პრობლემური აღმოჩნდა დეპუტატების მხრიდან საკუთარი ბიზნეს საქმიანობების დამალვის ფაქტებიც. ნეგატიურად იქნა შეფასებული საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება.
რაც შეეხება პროგრესს, ამ მხრივ ანგარიშში ეთიკის კოდექსის ცვლილება და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებები დასახელდა.