ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ალეკო ახალაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია დეპუტატის "ფეისბუქ" პოსტზე, სადაც მან დაწერა, რომ გავრილოვის ღამის სიმბოლო, თვალზე აფარებული ხელი, სექსუალურ უმცირესობას და კრიმინალებს ახსენებს.
"ეს ჟესტი გვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს, ასევე-გახარიას გმირობას,”-წერს "ქართული ოცნების" წევრი.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით გოგისვანიძე ალეკო ახალაძის განცხადებას ცინიკურს და ამორალურს უწოდებს.
„ესეთი ცინიზმით და ესეთი უზრდელობით მიმართო იმ ახალგაზრდებს, გულანთებულ ადამიანებს და ესეთი რაღაც სექსუალური ასოციაციები მოგაგონდეს ხელით ცალ თვალზე აფარებული, არ ვიცი რა ამორალური ადამიანი უნდა იყო და როგორ უნდა იყო საერთოდ ასეთი ადამიანი საკრებულოს წევრი,“-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
გიგა შუშანია კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს გაემიჯნოს ალეკო ახალაძის განცხადებას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვლის, რომ ალეკო ახალაძე უმრავლესობის შემადგენლობიდან უნდა გარიცხონ.
„ალეკო ახალაძე ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ახლო ნათესავი და მისი ბიუროს უფროსი. ამიტომ მოვუწოდებ კობა ნარჩემაშვილს, მოვუწოდებ ნიკა ლატარიას საკრებულოს თავმჯდომარეს. ასე არ გამოვა კამერებთან კეკლუცობა და კარგი ბიჭობის თამაში ასე არ არის. ისინი ან გაემიჯნებიან ალეკო ახალაძის განცხადებას და გარიცხავენ მას როგორც უმრავლესობის შემადგენლობიდან და ასევე კობა ნარჩემაშვილი მას გაუშვებს საკუთარი ბიუროს ხელმძღვანელობის თანამდებობიდან, ან ისინი იქნებიან პასუხისმგებელი იმ უმსგავსობაზე, რომელსაც ეს ადამიანი ალეკო ახალაძე ახორციელებს ქუთაისის საკრებულოში,“-განაცხადა გიგა შუშანიამ.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ალეკო ახალაძე იყო ერთადერთი ადამიანი რომელმაც ნანა კოსტავას მიმართ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. საუბარია სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ ლაგოდეხში, ექსკურსიისას დაღუპული გოგონას დის ფოტოს განთავსებაზე რომელსაც ახლდა წარწერა - "ახლა იცინე."