ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები დაცლის საფრთხის წინაშე დგას. მძიმე სოციალური პირობების გამო ადგილობრივები სულ უფრო ხშირად ტოვებენ სახლებს და ემიგრაციაში მიდიან. მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება თითქმის დაცარიელებულ სოფლებში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა და წლების წინ გაცემული არაერთი დაპირებიდან დღემდე არცერთი არ არის შესრულებული.
„ძალიან მენატრება ჩემი შვილი. რომელი დედა გაუშვებს ასე შორს თავის შვილს, ძალიან რომ არ უჭირდეს,“ - ამბობს ლაურა თორია „კურიერთან.“
ადგილობრივები ყვებიან, რომ მოსახლეობა თავშესაფარს უცხოეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ეძებს, მუნიციპალიტეტში სამუშაოს პოვნა და თავის რჩენა თითქმის, შეუძლებელია.
უწყლობა, უგზოობა, უმუშევრობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები ამ დრომდე ითხოვენ.
ხობის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად 5 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. ამის მიზეზად კი ხელისუფლების არასწორ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ოპონენტების ბრალდებები მიუღებელია. მერის მოადგილე პრობლემას ვერც ემიგრაციაში ხედავს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემები ადრე თუ გვიან მოგვარდება.
ავტორი: ემა გოგოხია.