ხელვაჩაურში მამაკაცმა საკუთარ თანამშრომელს, 47 წლის ქალბატონს სცემა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით ბათუმში კლინიკა "მედინაში" მოათავსეს. ქალს დაზიანებული აქვს თვალი და აღენიშნება დაჟეჟილობები, თუმცა არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ინციდენტის მონაწილეები "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ მათ შორის უთანხმოება 5 წელია გრძელდება და ისინი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ. მამაკაცი ქალზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებული ქალი კი ყვება, რომ მას საკუთარი კოლეგა ფიზიკურად გაუსწორდა.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მომხდარ ფაქტს შეესწრო, თუმცა ოთახში არავის უშვებდა ქალბატონის დასახმარებლად.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.