დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ხელისუფლებას უმოქმედობაში და საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.
არქიმანდრიტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ხელისუფლება კი ამბობს რომ პრობლემა არ არსებობს.
"ეს კომისიები რომლებიც მუშაობენ, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ამბობენ, რომ ჩვენ ვამწვავებთ ამ საკითხს, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას და ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება.
გვატყუებენ. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო.
ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა. ეს არის მიამიტობა და უარეს შემთხვევაში სიბრიყვე.ვის ატყუებთ?საკუთარ თავს ატყუებთ და ჩვენ გვატყუებთ?"-ამბობს სასულიერო პირი.