17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ბრალდებები მოსამართლე ილონა თოდუას წინააღმდეგ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საგანგებო სხდომა ჩაინიშნა 

საგანგებო სხდომა იუსტიციის საბჭოში - სხდომის ჩანიშვნის მიზეზი სავარაუდოდ, იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ მოსამართლე ილონა თოდუას მისამართით გაჟღერებული ბრალდებები გახდა. საქმე ეხება ჯანზეაშვილის განცხადებას, რომელიც მოსამართლე თოდუასთვის, საბჭოს მიერ ბინის დაქირავებას ეხებოდა. 

ჯანეზაშვილმა თქვა, რომ ილონა თოდუამ საკუთარი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შედეგ კი საბჭომ მას ბინა უქირავა. ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სხდომა, იმისთვის ჩაინიშნა, რომ ილონა თოდუას ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. ის მოსამართლის არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თოდუას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ჯანეზაშვილი ამ და სხვა დარღვევების გამო, კონკურსის გაუქმებას ითხოვს. 

„როგორც ჩანს, არის რაღაცა ფსონი დადებული ადამიანზე, მაგრამ საერთოდ, ჩინჩალაძეს და მის ხალხს აწყობთ სწორედ ილონა თოდუასნაირი ადამიანები. ის ოთხი წელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას ფაქტობრივად ხმა არ ამოუღია, მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი როგორ მიდიოდა პროცესი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც სიჩუმით, როგორც ახლა დღეს ხარებავა გვყავს, სარგებლობდა, თუ ცდილობდა, რომ აი, ამ ფორმატით ემუშავა და  ასე მიეღო გადაწყვეტილებები და საინტერესო დეტალი, მე როგორც უკვე გითხარით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას გადასცემოდა ბინის ქირა, იმ დროს ილონა თოდუა იყო უმაღლესი საბჭოს წევრი და იმ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო ლევან მურუსიძე.

ჩემი მოთხოვნა არის, რომ შეწყდეს კონკურსი, ვინაიდან ის მიმდინარეობს დარღვევებით, მიკერძოებულ გადაწყვეტილებების მიღებას აქვს ადგილი   და თქვენ დღესაც ხედავთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოიწვია სხდომა სწორედ ილონა თოდუას გამო. იგი ამ სხდომას არ მოიწვევდა, რომ არა ჩემი ეს განცხადება. მოიწვია იმისთვის, რომ გამოვიდნენ აქ და გააკეთონ მყვირალა განცხადებები, როგორც აქამდე აკეთებდნენ და ზოგადად, მათ სჩვევიათ და დაანახონ ძალა საზოგადოებას, რომ ისინი ერთიანები არიან და ეს კლანი იბრძოლებს ბოლომდე იმისათვის, რომ ილონა თოდუა და სხვა მოსამართლეები, რომლებიც აი, ასე ჰყავთ გამოჭერილი გაიყვანონ საბოლოო ჯამში იმ სიაში და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მოსამართლე ილონა თოდუას სამუშაო წარსულზე საუბრობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამრთლე წევრი ანა დოლიძე. მისი თქმით, თოდუას მოსამართლეობის პერიოდში არაერთი მიკერძოებული გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. დოლიძე ნეპოტიზმსა და კორუფციაზეც საუბრობს. 

„ის არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ე.წ. ადეიშვილის ნარჩენი. მას დაჯარიმებული ჰყავს „ქართული ოცნება“ 2012 წელს, მას დაჯარიმებული ჰყავს პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ და გამოტანილი აქვს არაერთი პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება თავის დროზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ  ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ დაკვეთებს ადრე, კომფორტულად არიან ჩაბმული საქმიანობაში, რომელიც სვამს კორუფციის კითხვის ნიშნებს. შემთხვევითი ჩუქებები, უცებ გახსნილი ხელგაშლილობა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ არის ტენდენცია ფართო ჩვენს საჯარო სივრცეში. ჩვენ ვიცით არაერთი წევრი საქართველოს პარლამენტის: დავით მათიკაშვილი, ზაზა გაბუნია, ნინო წილოსანი, რომლის ოჯახის წევრებს უცებ უჩნდებათ ჩუქების სურვილი მათ მიმართ და აქაც, სასამართლოშიც, რა თქმა უნდა, უცებ გახსნილი სიყვარული და ხელგაშლილობა ოჯახის წევრების მიუთითებს შესაძლო კითხვის ნიშნებზე,“- განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები