„თბილისის თამბაქოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ”ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ლევან აღდგომელაშვილი პასუხობს. მისი თქმით, განცხადების მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი დაუპირისპირდა ყველას, გარდა ხელისუფლებისა.
მისი განცხადებით, “თბილისის თამბაქოს“ მიერ გავრცელებულ წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, როგორ მოახერხა კომპანიამ აქციზის გაძვირებამდე ცოტა ხნით ადრე მისი გაორმაგებული რაოდენობით მიღება.
„წყალწყალა რიტორიკის გარდა, ამ განცხადებაში არაფერი არ თქმულა იმაზე, რაზეც სიუჟეტში იყო ნათქვამი. კონკრეტულად საეჭვოდ დიდი რაოდენობით აქციზური მარკების გაცემაზე და უსაქონლო ოპერაციაზე, რომელიც ჩაატარეს დეკემბრის თვეში. ვანო ჩხარტიშვილისგან უხერხულია ზოგადად საუბარი იმაზე, რომ, ვითომ, პენსიონერებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზრუნავს, რადგანაც ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თავის დროზე, პენსიონერების ფული მოიპარა, ეს სწორედ ის ადამიანია, როგორიც ერთ-ერთ თქვენს ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერში ჩანს, ჩრდილოეთის სპეცსამსახურებთან საუბრობდა თავის დროზე ხელისუფლების შეცვლის მიზნით საქართველოში. ვანო ჩხარტიშვილმა დადოს ის ფაქტები, რა ფაქტებითაც მანიპულირებს და უბრალოდ ლანძღვაზე გადადის მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის მისამართით. ვანო ჩხარტიშვილი საუბრობს, რომ 1500 ადამიანზე მეტი დაუსაქმებელი შეიძლება მას დარჩეს, იმ 1500 ადამიანზე რატომ არ საუბრობს, რომელიც „ომეგა ჯგუფში“ დღეს უკვე დაუსაქმებელია,“ - განაცხადა ”ომეგა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან აღდგომელაშვილმა.
„შაბათის კურიერში“ მომზადებულ რეპორტაჟში საუბარია, რომ კომპანია „თბილისის თამბაქომ“ „კურიერის“ ინფორმაციით და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დიდი რაოდენობით აქციზები იქამდე მიიღო, ვიდრე მოხდებოდა მისი გაძვირება უფილტრო სიგარეტზე, რითაც გაჩნდა ეჭვი, რომ „თბილისის თამბაქოს“ შესაძლებლობა მიეცა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე გაძვირებული აქციზის ფასი სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეეტანა.