ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე საპილოტე გადაცემის გაკეთებას გეგმავენ. წამყვანები კი, სავარაუდოდ, მიშა მშვილდაძე და შოთა დიღმელაშვილი იქნებიან.
მათი თქმით, გადაცემაში მიიწვევენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს, რომლებსაც შეკითხვებს დაუსვამენ, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ. ასევე იმ საკითხზეც, იქონია თუ არა გავლენა ანტისაოკუპაციო აქციებმა, რომელიც უკვე 3 კვირაზე მეტია, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იმართება, ქვეყნის ეკონომიკაზე.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუკი ტექნიკურად შესაძლებლობა მიეცათ, საპილოტე გადაცემას დღესვე გააკეთებენ, თუ ვერ მოხერხდა, ფიქრობენ, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემა ყოველ სამშაბათს სოციალური ქსელში ლაივის მეშვეობით გადაიცემა.
მათივე თქმით, დაინტერესების შემთხვევაში საპილოტე გადაცემამ შესაძლოა, რომელიმე ტელევიზიის ეთერშიც გადაინაცვლოს.
"პროტესტის 27-ე დღეა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი სატესტო გადაცემასავით გავაკეთოთ, სატელევიზიო გადაცემის ფორმატით. ორი წამყვანი გვეყოლება სცენაზე და მოდერატორი იქნება ქვევით მომიტინგეებში. კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნება, გვეყოლება სტუმრებიც, რომლებიც შეაფასებენ ამ 27-ე დღეს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში. ბევრი ბრალდება მოდის, რომ, თითქოს, ამ აქციების გამო ეკონომიკური დარტყმა მივაყენეთ ქვეყანას, თითქოს, ის, რომ რუსეთმა შეიძლება, დაგვბომბოს იმის გამო, რომ აქ ვდგავართ და ა.შ.“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.