17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
პარტიების ძალთა ბალანსი თავდაყირა დადგება - ივანიშვილის გუნდი პოლიტიკური პარტნიორების ძებნას იწყებს

პოლიტიკური პარტიების ძალთა ბალანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავდაყირა დადგება. ახალი საარჩევნო სისტემით, პრაქტიკულად, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო უმრავლესობას ვეღარ შექმნის და ვეღარც მთავრობას დააკომპლექტებს. ის, რომ 2020-ში ხელისუფლებაში მესამე ვადით ყოფნა გაუჭირდებათ, ეს დღეს პრემიერმაც აღიარა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ "ოცნება" განიხილავს კოალიციის შექმნას ყველასთან, დესტრუქციული ოპოზიციის გარდა.

ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ემშვიდობება, ნდობას კარგავს და მთავრობის დაკომპლექტების შანსი აღარ ექნება, "ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის" ბოლო სოციოლოგიური კვლევიდანაც გამოჩნდა. „ქართულ ოცნებაზე“ ბევრად მეტ ხმას გაერთიანებული ოპოზიცია და „ევროპული საქართველო“ აგროვებენ. პრემიერისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს IRI-ის კვლევა აღარ გაუკრიტიკებიათ.

ახალი პოლიტიკური რეალობით, ქვეყანაში ისევ ორი მთავრი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ კვლევიდან ისიც ჩანს, რომ დამოუკიდებლად ვერცერთი მათგანი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მესამე ადგილზე გასული ძალა იქნება და პროგნოზირებს, რომ მსგავსი პოლიტიკური ცენტრის შექმნას TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე შეძლებს. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებზე დააკომპლექტებს ის, ვისკენაც მამუკა ხაზარაძე გადაიხრება.

ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა ექსპერტებისთვის ღია გზავნილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში რამდენიმე პატარა პარტიას შეიყვანს და სატელიტების საშუალებით შეეცდება, ძალაუფლება შეინარჩუნოს. "ოცნებიდან" დემარშით წასული პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას ცდილობენ, ბოლომდე ვერ გამორიცხავენ, რომ ისევ ივანიშვილის კოალიციურ მთავრობაში მოხვდნენ.

ოპოზიციის შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია - ყველა მინუს „ქართული ოცნება“, მაგრამ ვინ იქნება „ქართლი ოცნების“ სატელიტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ამას ივანიშვილის პარტიაში ღიად არ ამბობენ. ერთადერთი, ვინც შესაძლოა, „ოცნებასთან“ საერთო ენა გამონახოს, „პატრიოტთა ალიანსია“.  

დღის ამბები