17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელს 8 000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის აქციაზე დაკავებულ ვატო გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა და 8 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა. პროცესზე დაცვის მხარემ 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გირაოს ოდენობა 8 000 ლარით განსაზღვრა. სასამართლომ ასევე მოსთხოვა ბრალდებულს ყოველ ჯერზე, როცა ის სახლიდან გავა საგამოძიებო უწყებები საქმის კურსში ჩააყენოს.

გელაშვილის უფლებადამცველი, ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებულია, რადგან დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში ეს ასეთი კეთილგონიერი გადაწყვეტილების გამოტანა იშვიათი მოვლენაა.

„სასიამოვნოდ დავრჩით გაკვირვებული, იმიტომ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებას არ ჰქონდა არცერთი არგუმენტი პატიმრობის გამოყენების და დააკმაყოფილა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეეფარდოს გირაო,“- განაცხადა ადვოკატმა.

თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს  და ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. გელაშვილი ფიქრობს, რომ მისი დაკავება მისივე საქმიანობასთანაა კავშირში, ვინაიდან ის არის ორგანიზაცია „ შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელია, რომელმაც კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამხილა.

ბრალდებული სასამართლოს პროცესიდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელსაც ის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

ორგანიზაცია “ შეაჩერე კორუფციის”  დამფუძნებელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

დღის ამბები