17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ხვალ აღმოაჩენენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად არ იქნება არც ერთი ადგილი - მედია ექსპერტები "რუსთავი2"-ისთვის მფლობელის შეცვლაზე 

სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და "რუსთავი2"-ის წილების ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებას ეხმიანებიან მედიაექსპერტები. მათი თქმით, დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელეკომპანიის მედია სივრციდან გაქრობა ხელისუფლების პირდაპირი მიზანია და ამას წილების ფორსირებულ რეჟიმში გადაფორმებაც ადასტურებს.

 “სახის შესანარჩუნებლად მაინც იქნებოდა კარგი, რომ ერთ დღე მაინც მოეთმინათ და მერე გაეკეთებინათ. ეს სისწრაფეც აჩვენებს და სასწრაფოდ გადაფორმებაც, რომ განზრახვა აქვთ ბრუტალურად „რუსსთავი2“-თან ანგარიშის გასწორების,“-ამბობს ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

მედიაექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ხალვაში "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, შედეგად კი ქვეყანაში დემოკრატია კიდევ უფრო შესუსტდება.

„ქიბარ ხალვაში არის მატყუარა ადამიანი, ის ამბობს ტყუილებს, იმიტომ, რომ პირველივე დღიდან ქიბარ ხალვაში ამბობდა, რომ „რუსთავი2“ უნდა დაიხუროს, იმიტომ, რომ მას არ მოსწონს როგორ აშუქებს „რუსთავი2“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ დღეს აღარ გვაქვს ისეთი დემოკრატია, როგორიც გვქონდა გუშინ, გუშინ წინ, ერთი კვირის წინ,“-განაცხადა მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია.

გაზეთ "ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ მოქალაქეები უახლოეს პერიოდში აღმოაჩენენ, რომ მათი სიმართლის დასამტკიცებლად არც ერთი ადგილი აღარ იქნება.  

„არ მჯერა ქიბარ ხალვაშის დაპირებებს, რომ ის სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის და აიტანს იმ სიუჟეტებს, რომელი სიუჟეტებსაც ჩვენ „რუსთავი2“-ის ეთერში ვნახულობდით. ადამიანები, რომლებიც დღეს იცინიან და ძალიან ბედნიერები არიან და ჰგონიათ, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ხვალ აღმოაჩენენ რომ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად არ იქნება არც ერთი ადგილი და არ იქნება არც ერთი ფანჯარა,“-აცხადებს გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

დღის ამბები