17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
"რუსთავი2" ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან - ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი "კურიერთან" ინტერვიუში განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. 

"მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.

კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ "რუსთავი2" არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას.

ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს დაახლოებით 80%,“-ამბობს ოქრუაშვილი.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს აქვს მისი ვალი უკვე დიდი ხანია, დავა მიმდინარეობს ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ქიბარ ხალვაში დოკუმენტს აცხადებს ყალბად და არ ცხადდება სამხარაულში,რომ დადგინდეს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის ყალბად გამოცხადებას. მისი თქმით, ეს დავა აუცილებლად დასრულდება მის სასარგებლოდ და იმ ჟურნალისტების სასარგებლოდ ვისთვისაც აპირებს ამ წილის გადაცემას. ამგვარი ხელშეკრულების არსებობას კი ხალვაშის ადვოკატი და "რუსთავი2"-ის ახალი დირექტორი გამორიცხავს და მას ყალბს უწოდებს.

დღის ამბები