17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ჩნდება ეჭვები, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარიგებას - ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოში არსებულ შესაძლო გარიგებებზე საუბრობს. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის ვაჟი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას, რაც სამომავლოდ მის მოსამართლეობას უზრუნველყოფს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ეჭვობს, რომ გზირიშვილსა და საბჭოს უმრავლესობის შორის შესაძლოა ადგილი ორმხრივ გარიგებას ჰქონდეს. მისი ვარაუდით, გზირიშვილმა შესაძლოა მისი შვილის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოხვედრის სანაცვლოდ, მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სწორედ იმ კანდიდატებს დაუჭიროს, რომლებსაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა შესთავაზებს.

„ლევან გზირიშვილთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ მისი შვილი მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში. როგორც ჩანს, გზირიშვილის ვაჟს ამზადებენ იმისთვის, რომ გახდეს მოსამართლე. მან გასულ წელს ვერ ჩააბარა გამოცდა, წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და უკვე შემოიტანა მსმენელად იმისათვის, რომ სკოლაში ჩაირიცხოს და მოგეხსენებათ, სკოლაში ჩარიცხვა არის სავალდებულო კომპონენტი იმისა, რომ ადამიანი გახდეს მოსამართლე. ჩნდება ეჭვები, რომ ორმხრივი ინტერესი შეიძლება იყოს უკვე გარიგება, როდესაც შესაძლოა გზირიშვილმა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატურებს, რომელსაც წარმოუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა და პირიქით, უმრავლესობამ მხარი დაუჭირონ ლევან გზირიშვილის შვილს, იმისათვის, რომ იგი გახდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი და შემდგომ უკვე მოსამართლე,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს უპასუხეს და მას ბრალი ცილის წამებაში დასდეს. ჯანეზაშვილის მოსაზრება, რომელიც მათ მიერ მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების ლობირებას გულისხმობდა, საბჭოს წევრებმა კატეგორიულად უარყვეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობს. საბჭოს წევრები დღეს გენერალური პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ, რომელმაც გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

დღის ამბები