ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას, რომ 2016 წელს მას კახა კალაძის დავალებით ცეცხლი გაუხსნეს, კალაძე ხუმრობით პასუხობს. ქალაქის მერი ამბობს, რომ ოქრუაშვილმა თავად ისროლა და, ალბათ, კომენტარს თვითონვე გააკეთებს.
მისი თქმით, ოქრუაშვილის ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენებაა, როგორ მუშაობდა ყოფილი ხელისუფლება.
"მანდ სხვანაირად იყო, რეალურად "ხამსამ" კი არ ესროლა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით, ალბათ, გააკეთებს კომენტარს თვითონ.
ყველა მისი გამოსვლა, ფაქტობრივად, არის, გარკვეულწილად, აღიარებითი ჩვენებები. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, როგორი მეთოდებით მუშაობდა წინა ხელისუფლება, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბიზნესსექტორთან. ის, რაც ჭორის დონეზე იყო ყურმოკვრით საუბრობდნენ, ფაქტობრივად, ამ ადამიანმა თავის ინტერვიუებში ღიად დააფიქსირა და ჩვენება მისცა, რა ხდებოდა და როგორი მმართველობა იყო," - განაცხადა კახა კალაძემ.
ოქრუაშვილის განმარტებით, მას დედაქალაქის მერის, კახი კალაძის დავალებით ესროლეს. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას ჯერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის საქმეზე ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მასსა და მისი დაცვის წევრზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მაშინდელი პრემიერ მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.