აბსურდული და პოლიტიკური მიზნებისთვის გათვლილი - საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ის მასზე თავდასხმაზე საუბრობს და დამკვეთად კახა კალაძეს ასახელებს. მმართველ გუნდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს და ღიმილისმომგვრელს უწოდებენ.
“ეს ბრალდებები კი არა, იაფფასიანი სპეკულაციებია სინამდვილეში. სიმართლე არის ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ღიმილისმომგვრელმა განცხადებებმა, შეიძლება ფორმა იყო ღიმილის მომგვრელი, შეიძლება შინაარსიც, მაგრამ გვაჩვენა ის, თუ ვის ხელში იყო რეალურად ქვეყნის მართვა წინა ხელისუფლების დროს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, ის ცდილობს, მუდმივად დღის წესრიგში იყოს.
"არის უბადრუკი მცდელობა, რომ დღის წესრიგში დარჩეს და თავი ამართლებინოს ვიღაცას. ეს არის მისი ტაქტიკა, რომ როგორმე ვინმემ გააშუქოს და ვინმე ჩააყენოს თავის მართლების რეჟიმში. მართლა უკვე უბადრუკად გამოიყურება მისი ეს მცდელობები," - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.