17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
"როცა პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, "რუსთავი 2-ში" მივალ" - ქიბარ ხალვაში

"კურიერი" მომწონს ძალიან" - ასეთია ქიბარ ხალვაშის პასუხი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებს თუ არა სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი საინფორმაციო გამოშვებას და მოსწონს თუ არა ის. ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის ხშირად უყურებს "კურიერს", მოსწონს ის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. თუმცა ქიბარ ხალვაშმა დაიწუნა ერთ-ერთი რეპორტაჟი, რომელიც არხზე გავიდა და რომელიც მას ეხებოდა. მან ამავე დროს "კურიერის" ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა. 

„შევეცადოთ უფრო მაღალი სტანდარტი, რომ იყოს. ჩემზე ტყუილს, რომ ამბობს უნდა შემეკითხოს, მართალია თუ არა, რომ ოლიგარქი ვარ, შეკრული ვარ ვიღაცეებთან და ა.შ," - აღნიშნა ხალვაშმა. 

შეცვლის თუ არა ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მოსწონს თუ არა ჟურნალისტები, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ის არც ერთი კვალიფიციური ადამიანის გაშვებას არ აპირებს.

„ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ. ვინც სარგებელს მოუტანს კომპანიას იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. ვუყურებ, კვალიფიციურია ყველაფერი. გარანტია, რა არის იცით, თუ ჩავუღრმავდებით და ვიწროდ არ განვიხილავთ არაფერს, გარანტია არის ის, რომ თუ ბიზნესია იმისთვის, რომ დიდ ხანს იყოს და პროფიტაბელური იყოს კომპანია, ამისთვის საჭირო არის ხალხი იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს ტელევიზიას, ჰქონდეს რეიტინგი  და ადამიანმა იყიდოს რეკლამა,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისი თქმით, მას არასდროს უწოდებია ჟურნალისტებისთვის ზონდერები. რაც შეეხება დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ისინი დაზარალებულები არიან. მისი თქმით, ის დვალს ისევ შესთავაზებს "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მის პოზიციას, თუმცა როდის მას ეს არ უთქვამს.

„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება, ჩვენ ვიცით ის, რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ მოვილაპარაკებთ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, "რუსთავი 2-ში" მაშინ მოვა, როცა ეცოდინება, რომ კამერებით არ დაახრჩობენ.

„როცა მომიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, მივალ. ვიხუმრე გოგო, ვიხუმრე. დაწყნარდება ხალხი, გაიგებენ, რომ არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მოსალოდნელია თუ არა არხზე ფინანსური კრიზისი, ქიბარ ხალვაშს პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც მოუწია.

 „თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას თქვენი შრომით არ გაკოტრდება, როგორ? საბოტაჟით, შეიძლება არ იმუშავო. კოლექტივზეა დამოკიდებული. ერთად უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები