"რუსთავი 2-ის" საქმეზე სამოქალაქო სექტორი 14 საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს. ყველაზე გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ, სთხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ თვალი ადევნონ "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მესამე სექტორი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მედიის დამოუკიდებლობას ეხება.
„ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას “რუსთავი 2-ის" მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით,”-ნათქვამია მიმართვაში.
ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ არხის ახალი მფლობელის ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ მას უნდა ძალიან მალე შეცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა.
„სამწუხაროდ, ბოლო განცხადებები ახალი მფლობელისა, ქიბარ ხალვაშის ჩვენ გვაფიქრებს, რომ მას უნდა ძალიან მალე შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. მას უნდა რომ შესაძლოა დაემშვიდობოს გარკვეულ ჟურნალისტებს და სრულიად შეუცვალოს მიმართულება არხს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე მან განაცხადა რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით და ვეცდებით დავიცვათ პირველ რიგში რუსთავი 2-ის ჟურნალისტების უფლებები,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შეშფოთებას კი ქიბარ ხალვაშის განცხადებებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებიც იწვევს.
„პრემიერმინისტრი გამოდის და საუბრობს, რომ არ შეიცვლება არხის სარედაქციო პოლიტიკა, როცა ეს მისი დისკრეცია არ არის და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირმა ვერც პასუხისმგებლობა ვერ უნდა აიღოს როგორ გააშუქებენ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები მოვლენებს, არც უნდა ისაუბროს ამ თემებზე ბუნებრივია. ყველაზე მთავარი შემაშფოთებელი სიგნალი იყო თავად ქიბარ ხალვაშის განცხადება რომელიც მოჰყვა შაბათ-კვირის გადაცემებს,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
მესამე სექტორი მიმართვა გაეგზავნა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ეუთოს, ევროკავშირს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ „ამნესტი ინტერნეიშენალს“ „ჰიუმან რაითს ვოჩს“ „ფრიდომ ჰაუსის“ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ და სხვა ორგანიზაციებს.