17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" გუნდთან ურთიერთობა დაპირისპირებით დაიწყო და ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა

"რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელი არხის გუნდთან ურთიერთობას დაპირისპირებით იწყებს. პირველივე შეხვედრაზე ქიბარ ხალვაშმა "კურიერის" ჟურნალისტები ტყუილში დაადანაშაულა და თავდასხმასაც არ მორიდებია. ახალი მფლობელი მისივე არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორების ყველაზე აქტუალურ საკითხზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა. მან თქვა, რომ მედიამენეჯერის პოზიციაზე მის მეზობელს დანიშნავს.

ქიბარ ხალვაშის გაღიზიანება დღეს ”კურიერის” კიდევ ერთმა კითხვამ გამოიწვია. კითხვაზე, რას გულისხმობდა, როდესაც გავრცელებულ განცხადებაში საინფორმაციო სამსახური დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა, ხალვაშს არ დაუმალავს, რომ მას ”კურიერის” ეთერში ვანო ჩხარტიშვილსა და მას შორის ბიზნესინტერესების შესახებ გასული სიუჟეტი არ მოეწონა.

ქიბარ ხალვაშმა აგრესია არ დამალა საინფორმაციო გუნდის შეთავაზებაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შექმნილიყო საზოგადობრივი საბჭო. ჩვენი ინიციტივით, ეს საბჭო ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებით და მაღალი სანდოობის მედიაექსპერტებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ხალვაშმა კი თქვა, რომ საბჭოში სარგებელს ვერ ხედავს. 

მოგვიანებით ბორდთან დაკავშირებით ხალვაშმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბორდის შემადგენლობა მისთვის არასანდოა.

ქიბარ ხალვაშს ჟურნალისტებთან არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ წყენა დაუმალავს. "რუსთავი 2-ის" მფლობელი ნაწყენია, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება არ მიულოცა.

ქიბარ ხალვაშის გაბრაზებული ტონი "კურიერის" მიმართ ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მას არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია ესაუბრა. კონსულტაციის შემდეგ ხალვაშმა კითხვებს დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებითაც უპასუხა და თქვა, რომ მათთან კომუნიკაციას "რუთავი 2-ის" ფინანსებში გარკვევის შემდეგ გეგმავს. ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს.

ქიბარ ხალვაშს ვკითხეთ, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები ზონდერები არიან, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსი რამდენიმე წლის წინ დაწერა. არხის ახალი მფლობელი აცხადებს, რომ მას შეეშალა და ახლა ასე აღარ ფიქრობს.
 

დღის ამბები