ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მას ცეცხლი კახა კალაძის დავალებით გაუხსნეს. შურისძიების მთავარი მიზეზი "რუსთავი 2-ის" საქმე და ოქრუაშვილის მიერ სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი იყო. ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებს კახა კალაძე ირონიით პასუხობს.
ოქრუაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მასზე თავდასხმა გორში კახა კალაძემ დაგეგმა და განახორციელა. ოქრუაშვილის ჰყვება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "რუსთავი2-ის" საქმეზე ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს და ხელისუფლებამ ამაზე უარი მიიღო.
ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, კახა კალაძის ამ საქმეში პირდაპირი კავშირი ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაუდასტურა. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი მის არგუმენტებს იმითაც ამყარებს, რომ კახა კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას გორში, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად აკონტროლებდა.
ბრალდებებზე დღეს კახა კალაძეს არ უსაუბრია. თბილისის მერმა ოქრუაშვილს თურქეთიდან უპასუხა. კალაძემ ტრადიცია არ დაარღვია და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმის გამო ოპონენტის ჩამოშორება და ამის გამო თავდასხმის დაგეგმვა, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური სპეკულაციებია. ოქრუაშვილი რომ ივანიშვილისთვის "რუსთავი2-ის" საქმეზე ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იყო და არის, ამაზე დღეს საპარლამენტო ოპოზიცია არგუმენტებით საუბრობდა. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ოქრუაშვილის გასანეიტრალებლად "ოცნება" ყველაფერზე წასულიყო.
ირაკლი ოქრუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 2016 წელს გორში მოხდა, მაშინ როდესაც ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრას მართავდა. თავდასხმის დროს მისი ორი თანმხლები პირი დაიჭრა. ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ითხოვს, რომ გამოძიება ამ ფაქტზე ხელახლა დაიწყონ.