მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლებას მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ, თუმცა დღის ბოლოს მაინც გაშალა. 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მაჩალიკაშვილის კუთვნილი კარავი პოლიციამ წაიღო და გადააგდო. პანკისიდან ჩამოსული შვილმოკლულმა მამამ სადღეღამისო პროტესტისთვის ახალი კარავი იყიდა, თუმცა მისი გაშლა რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აუკრძალა.
საპატრულო პოლიცის თანამშრომლებმა თქვეს, რომ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უკვე ერთი თვეა, აქციები მიმდინარეობს, მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება და ფილები უნდა შეცვალონ, კარავი კი სამუშაოებს ხელს შეუშლიდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ საპატრულო პოლიციამ ტყუილი თქვა და მერია არანაირ რეაბილიტაციას არ გეგმავს.
რატომ თქვა პოლიციამ ტყუილი?! - მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიცია დღეს მის პროვოცირებას ცდილობდა და გახარიას უწყება ყველა ხერხით ცდილობს მის განეიტრალებას.
შვილმოკლული მამა დედაქალაქის მერიისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად ითხოვს პასუხს - რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ პოლიცია განზრახ ცდილობს ხალხის პროვოცირებას იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, წინააღმდეგობების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. უკვე 429-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე დგას და პასუხებს ითხოვს, რატომ მოკლეს მისი შვილი. მან კარავი დღის ბოლოს მაინც გაშალა.