პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა ოპოზიციის და ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი მამუკა ბახტაძის განცხადებას აბსურდად მიიჩნევს.
მან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას შეახსენა, რა იყო კურსის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლებში. სააკაშვილმა ხელისუფლების წევრები ქურდობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი ადგილი ციხეშია.
„პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგების და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. კი, მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა რომ გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი ორჯერ და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვითარდებოდით. უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა, ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები და ქურდები უნდა მოშორდეთ, მოშორდეთ სადღაც კი არა. მე მინდა გავიმეორო ისევ, ქურდების ადგილი არის ციხეში. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი არის ციხეში,"- განაცხადა სააკაშვილმა.