„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს,“ - ასეთია ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ღიად აფრთხილებს, რომ არ აპირებს დანებებს და არც „რუსთავი 2-ზე" უარის თქმას.
„ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც "რუსთავი 2-ს" და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩუმებს,“ - წერია ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილში.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი უკვე 24 საათია, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
“რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავიდან რამდენიმე დღეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 ივნისის საქმეზე დააკავეს.
ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ივანიშვილმა გასცა მისი დაპატიმრების ბრძანება. ასევე დაკავებულია 2015 წლის 13 ივნისის გმირი, მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20 ივნისს თავად დაზარალდა სისხლიანი დარბევის დროს სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით.
დაკავებულებს შორის არის 29 წლის დისტრიბუტორი თორნიკე დათაშვილი. შინაგან საქმეთა სამინიტროს მტკიცებით, დაკავებული სამართალდამცველებს თავს ესხმოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. დათაშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქციის დაკავებულ მონაწილეთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე მხოლოდ 3 სამართალდამცველი ზის.