20 ივნისის საქმე - National Geographic-ის დაკავებული მკვლევარის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი ითხოვენ, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე გათავსიფულდეს და პატიმრობა არ შეეფარდოს. მხარდამჭერების ნაწილი ლორთქიფანიძეს თავდებშიც უდგება.
დაკავებულის მეგობრები ამბობენ, რომ ბეჟან ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არც საფუძველი და არც საჭიროება არ არსებობს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მკვლევარი კანონმორჩილი ადამიანია, რომლის ადგილიც საპატიმროში არ არის.
„ბეჟანის ციხეში ყოფნა, მე სამართლებრივ საკითხებს ვერ განვიხილავ, თავისთავად ცხადია, მაგრამ უბრალოდ ძალიან მარტივი უსამართლობა იქნება იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველასათვის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და ჩვენ გარშემო საერთოდ ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ადამიანია. იქ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა, არ მონაწილეობდა, ეს გამოძიების საკითხია, თავისთავად ცხადია, მაგრამ არავინ არ შეიძლება დაიჯეროს ის ფაქტი, რომ ბეჟანი შეიძლება ციხეში დარჩეს,“ - აცხადებს ბეჟან ლორთქიფანიძის მეგობარი, ბიოლოგი ლევან ბუთხუზი.
ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში შიშის სინდრომის დამკვიდრებაზე საუბრობს ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის თავმდჯომარე, ირაკლი შავგულიძე. მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპონენტების და მათი მხარდამჭერების დაკავებით მოსახლეობას ღიად აფრთხილებს, რომ პროტესტი არ გაბედონ.
„ბეჟანი იმ ღამეს იყო რეზინის ტყვიების მსხვერპლი. მას რამდენიმე სანტიმეტრში ასცდა თვალიდან ეს რეზინის ტყვია, რის გამოც ადამიანებმა თვალები დაკარგეს. მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ სამწუხაროდ, ნებისმიერი ავტორიტარული სისტემა თესავს და მათთვის უცნობი არ არის, ის თესავს აი, ამისთანა შიშის სინდრომს, რომ ხვალ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები აღარ გავიდნენ ქუჩაში,“ - აცხადებს შავგულიძე
National Geographic-ის მკვლევარი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება.
ბეჟან ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე დაშავდა, მას შუბლში რეზინის ტყვია მოხვდა.