მესტიელი მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. სვანეთში ამ წუთებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოზარ სუბარიც იმყოფება.
მოსახლეობა სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ხეობასა და ჰესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
საქმე ეხება სვანეთში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ჭალაადის ხეობა დაიტბორა და რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობისთვის ჭალაადის ჭალის გაჩეხვა მიუღებელი იყო. საპროტესტო აქციები აღნიშნული ჰესის აშენების წინააღმდეგ გასულ წელს ინტენსიურად იმართებოდა.
ადგილობრივები სწორედ ამის გამო ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რადგან მათი თქმით, მთავრობის წევრები პროექტის ავტორებთან ერთად ირწმუნებოდნენ, რომ ხეობას და მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქრებოდათ.
ადგილობრივი, ნარგიზ ნიგულიანის თქმით, ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„გვინდოდა მოსახლეობის ნაწილს შეხვედრა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, ბატონ სოზარ სუბართან, მაგრამ არ შეგვიშვეს, პოლიცია გააფრთხილეს, როგორც კი დაგვინახეს ჩვენ, რომ აქტივისტები არ გაგვატარეს შესახვედრად, რომ დაგვესვა შესაბამისად კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით და თვითონ გვიმეორებდნენ, რომ ყველაფერი ნორმების დაცვით ხდება და არაფერ საშიშროებასაც არ წამოადგენს, გვინდოდა ჩაგვეხედა მათთვის თვალებში და ეპასუხათ, დღეს რა განწყობით ბრძანდებიან და რას აპირებენ, როდის აპირებენ სარებილიტაციო სამუშაოების ჩატარებას,“ - განაცხადა ნარგიზ ნიგულიანმა.
კიდევ ერთი ადგილობრივი მანანა საღლიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შეხვედრა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ. სოზარ სუბართან შეხვედრაზე კი, საღლიანის ინფორმაციით, მხოლოდ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ამათ ყველაფერი აწყობთ ხალხთან შეხვედრის გარდა, დასეირნობენ ვერტმფრენით, კრავენ ირაოს ცაში, მთელი დღე, მიდიან იქით, გამოდიან, ათვალიერებენ რაღაცებს, დაჯდნენ აეროპორტზე, მანქანაში ვზივართ გაგანია სიცხეში და ამ წუთში დაიდო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საიტზე, რომ ხალხთან შეხვედრა ჰქონდათო და კაციშვილი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეტი, იქ არ არიან, მთელი დღე დავდევთ და გვემალებიან, რომელ ხალხს ხვდებიან, ეს ვიგინდარა, გამყიდველი იუდა ისკარიოტელები,“ - ამბობს მანანა საღლიანი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგებს.