თუშეთი-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ორ მგზავრს სამედიცინო დახმარება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწია.
42 წლის მამაკაცს სხეულზე დაჟეჟილობა და თავისა და ქვედა კიდურის არეში ტრავმები აქვს მიღებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში სახლში გაწერენ.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 17 წლის ახალგაზრდას, მას ამბოლატორიული სახის დახმარება გაეწია. იგი გვიან ღამით სახლში გაწერეს.
ავარია, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუშინ მოხდა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მამა და ორი მცირეწლოვანი ვაჟი. გარდაცვლილებს შორისაა სატვირთო ავტომობილის მძღოლი.
მგზავრებით სავსე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დაშავებულია 5 ადამიანი, ორს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მაშველები მონიტორინგის სამუშაოს ახორციელებდნენ. ისინი დღეს დილიდან, ორ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. მაშველებმა ხეობიდან სამი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.
„მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მოქმედებების შედეგად, გადარჩენილი იქნა სამი მოქალაქე, რომლებიც ხეობის სიღრმიდან იქნენ უვნებლად ამოყვანილნი, ასევე ნაპოვნია 5 გარდაცვლილის ცხედარი. სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რჩებიან ადგილზე მთელი9 ღამის განმავლობაში,“ - ამბობს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით.
ავტორი: ია გულიაშვილი.