საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, ბოლო დღეებში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დაკავებული ყველა პირის მიმართ გამოტანილი ერთი და იგივე გადაწყვეტილების გამო, სხდომები ხმაურით დასრულდა.
მათთვის, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, დაკავებულების ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილს, მორის მაჩალიკაშვილსაც.
„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს მოდგმას... მაგრამ მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკალით მე ეს შვილი და მე ეს არ ვიცოდი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთ... ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო - შსს-ს, ნაბიჭვარ, ნაძირალა, გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ ახსნა, თუ როგორ მოახდენს ოქრუაშვილი მოწმეებზე ზეწოლას და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მართლმსაჯულებას არ ემალებოდა.
„წერილობით გააფრთხილა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ ორ ივლისს მივფრინავ, თუ მანამდე რამე გინდათ მკითხეთ, თუ არადა ჩამოვალ და მერე დამიძახეთ. დაუძახეს, მივიდა. რა დასაბუთებულ ვარაუდზეა საუბარი? ადამიანი წავიდა, ვიცოდით მის მიმართ რომ შესაძლებელი იყო დევნა დაწყებულიყო, პირველივე დღეს დაიბარეს და ამაზე საუბრობდა მასმედია, რომ შესაძლოა დაიჭირონ, ჩამოვიდა მაინც და მაინც საუბრობს სასამართლო, რომ შეიძლება მიიმალოსო. რომელ მოწმეებზე უნდა მოახდინონ ზემოქმედება... ეს ხომ არ მოხდა გუშინ და დღეს დააკავეს.
"ერთ თვეზე მეტია ეს ამბავი მოხდა და თუ ვინმესთან რამის თქმა უნდოდა, გასაგებია რომ აქამდე იტყოდა და დანარჩენი თუ ისინი ესე აბსტრაქტულად უყურებენ ზოგადად ყველა მოწმეს, ვინც კი იყო მისული მიტინგზე, ამ ათი ათას კაცში უნდა ეძებოს ოქრუაშვილმა მოწმეები თუ რა უნდა და პოლიციელებზე როგორ უნდა მოახდინოს ზემოქმედება, არ აუხსნიათ. აღნიშნავს კრიმინალური წარსული არ აქვს, ნასამართლევი არ არის და მაინც ამბობს, რომ შესაძლოა დანაშაული ჩაიდინოსო. არ ვიცი, ისევ აპირებენ გავრილოვის ღამის მოწყობას და ვიღაცის ჩამოყვანას, რაც ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს და ამას გულისხმობს თუ კრიმინალია და ქუჩაში მისი ყოფნა საშიშია,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, პატიმრობაში დატოვა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი. ყველა მათგანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობასა და შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებს.