ბიძინა ივანიშვილი პუტინის მმართველობის სტილს იმეორებს და იშორებს ყველას, ვინც მას წინ გადაეღობება - სამოქალაქო სექტორი, ანალიტიკოსები და ექსპერტები ქვეყანაში ღია დიქტატურის ნიშნებზე საუბრობენ.
მათივე შეფასებით, ივანიშვილი ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც მისთვის მიუღებელია და ამის კონკრეტული მაგალითი "რუსთავი 2"-ის საქმეა.
„პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა არიან პატიმრობაში, დიახაც წარმოადგენენ რუსი ოლიგარქისთვის საფრთხეს, სწორედ ამიტომ ცდილობს ის, რომ როგორმე გაანეიტრალოს სამოქალაქო აქტიურობა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციაში ივანიშვილის რეჟიმმა დააკავოს უფრო მეტი ადამიანი, ასევე შეეცადოს იგივე ოქრუაშვილის მაგალითზე, ნიკას მაგალითზე, ხაზარაძის მაგალითზე, გააგრძელოს პოლიტიკური ველის მოსუფთავება, ისევე როგორც დასაჯოს თავისუფლების მოყვარული ადამიანები, მაგრამ რეალურად არავითარი პოლიტიკური რეპრესიას, ადამიანების დასჯას არცერთ ქვეყანაში არ მოუტანია შედეგი,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ებრძვის ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს. მისი დანიშნული მოსამართლეები კი ასრულებენ დავალებას, რომლის შესრულების ვალდებულებაც უვადოდ დანიშვნის შემდეგ უსიტყვოდ აიღეს.
„ერთი რამ არის ცალსახა, უკვე მრავალმხრივი ფრონტი აქვთ გაშლილი უვადოდ დანიშნული მოსამართლეები შეუდგნენ ვალდებულებების შესრულებას. დაუსაბუთებლად ხურავენ პროცესებს სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებებს წარუდგენს პროკურატურა სასამართლოს, მაგრამ ეს მაინც დროებითია, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი აუცილებლად აგებს პასუხს,“-ამბობს თამარ კორძაია.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებით ქვეყანმაში არნახული პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - "ივანიშვილისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური სეზონი."
„ივანიშვილს დაეწყო კლასიკური პოლიტიკური შიზოფრენია და სიშლეგე. მიდის პოლიტიკური რეპრესიები აღვირახსნილი და მსოფლიოში არნახული არნახული იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში შეუძლებელია მიტინგის გზით შეცვალო ხელისუფლება, პარლამენტში რომც შევარდე, 150 სკამთან შეზრდილ დეპუტატს ვერ გადააყენებ. პოლიტიკური გაზაფხული ჩვენ წინ გველოდება, ხოლო ივანიშვილისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური სეზონი,“-ამბობს შალვა ნათელაშვილი.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია კი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეა. მისი თქმით, 20 ივნისის აქციაზე არცერთ პოლიტიკოსს ძალადობრივი ქმედებისკენ განცხადება არ გაუკეთებია.