ტრაგედია თუშეთის გზაზე - ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია. ტრაგედიას იხსენებენ დაშავებული მოქალაქეების ახლობლები, რომლებიც ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილი გზაზე დაგორდა და ხევში გადავარდა.
„მანქანის გაუმართაობას ბრალდება თითქოს ყველაფერი. ზოგი გადმოცვივდა, ერთმა მოასწრო გადმოხტომა და დანარჩენები გადაყვნენ თან. პირველად წავიდა მაგ მანქანით და ეტყობა არ იყო კარგად გამართული. ეტყობა ცუდი ასასვლელი ყოფილა და იქ ვერ გადასულა, დააგორა უკან. ვინც მოასწრო გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან“ - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის ახლობელი.
მაშველებმა, ცოტა ხნის წინ, ტრაგედიის ადგილზე, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვნეს, 1 დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 6-მდე გაიზარდა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია. მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი ბავშვი გაგა და ლევან შაბალაიძეები.
„ჯერ ერთი ძმისშვილი მომისვენეს, ახლა ძმაზე მითხრეს რომ სამაშველო სამსახურმა იპოვნაო და გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს და შუათანა ბავშვს, ლევანის ეძებს სამაშველო სამსახური და რას იზავენ არ ვიცი. ჯერ ერთი, გზების გაუმართაობა, მეორე ალბათ მანქანის გაუმართაობა და მძღოლის შეცდომა. აბა რა იქნებოდა სხვა იქ,“ - ამბობს ერთი-ერთი დაღუპულის ძმა.
რაც შეეხება თავად დაშავებულებს, ერთი მათგანი უკვე სახლში გაწერეს, ხოლო მეორემ თელავის რეფერალური საავადმყოფო დღეს დატოვა.
„ვერაფერი ვერ გავარკვიეთ, უცებ მოხდა წამებში. გადავარდა, ვინც მოვასწარით გადმოხტომა მოვასწარით, ვინც არა და დაიღუპა. არაფერი არ მახსოვს, ისიც არ მახსოვს როგორ გადმოვხტი. მანქანა გამართული იყო, რკინაა შეიძლება რამე გაუტყდა მე ხომ არ ვიცი. დაგორდა და გადავარდა,“ - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ადგილზე იმყოფება მაშველთა ჯგუფი, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის სამუშაოებს ასრულებდა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე იმ დროს მოხდა, როდესად ადგილობრივები სატვირთო ავტომობილით თუშეთის ერთ-ერთ სოფელში დღესასწაულის აღსანიშნად მიდიოდნენ, თუმცა მანქანა ხევში გადავარდა.
ავტორი: ია გულიაშვილი.