17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით რაღაც წესრიგში არ არის - ხუხაშვილი ოქრუაშვილის დაკავებას "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს

როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით რაღაც წესრიგში არ არის - ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას სწორედ "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს.

გასულ კვირას სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშმა მრავალთვიანი მოუცლელობის შემდეგ, მისი ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა, რომლის ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება, ნამდვილია თუ არა ოქრუაშვილის დოკუმენტზე არსებული ხალვაშის ის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი2" ოქრუაშვილის საკუთრებაა. 

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ საქმეს უკავშირდება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრება. მისი თქმით, ამ ეჭვის საფუძველს ის ფაქტიც აჩენს, რომ ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ერთი და იმავე მუხლით აქვთ წარდგენილი, თუმცა მელია შინა პატიმრობაშია, ოქრუაშვილს კი აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

"ეჭვი ძლიერდება იმისა, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით რაღაც არ არის წესრიგში. ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ ასე გამოდის, რომ სასამართლომ ფაქტობრივად ირიბად მიაკუთვნა ირაკლი ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

„ე.წ. რუსული პუტინის სტილის მმართველობის რეჟიმის დამყარება, რომელსაც ამყარებს ივანიშვილი "ქართული ოცნების" სახით,"-ასე აფასებს კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ბათუ ქუთელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები გაჩნდა. 

„ცალსახად სახეზეა, რომ ეს მმართველობის სტილი არ არის მექანიკურად გადმოკოპირებული, წარმოადგენს რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გაგრძელებას, რომლის მთავარი ნიშანსვეტი არის ოპოზიციური აზრის მოშთობა ან საერთოდ გაჩერება. ქვეყანაში, ტიპიური ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები არის და ნებისმიერი ოპონენტი წარმოადგენს რეჟიმისთვის საფრთხეს,“-ამბობს ბათუ ქუთელია.

დღის ამბები