17 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
„სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ“ - რომან გოცირიძემ გაზეთ „ალია“-ს და „ჯორჯიან თაიმს“-ს დავა მოუგო

რომან გოცირიძემ გაზეთ „ალია“-ს  და „ჯორჯიან თაიმს”-ს დავა მოუგო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გამოცემას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში ჰქონდა შეტანილი. ქარტიის საბჭომ დავა დეპუტატის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„ სადაო მასალა ეხებოდა პარლამენტარ რომან გოცირიძეს თითქოს და მან გაავრცელა  შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის შესახებ საკმაოდ ნეგატიური ინფორმაცია. აღნიშნული გამოცემები, „ალია“ და ჯეო თაიმს“-ი კონკრეტულ „ Facebook“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას. „ალია“-მ და „ჯეო თაიმს“-მა დაარღვიეს სიზუსტის პირველი პრინციპი, ანუ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია და ასევე განზრახ გაავრცელეს, განზრახ დაამახინჯეს ფაქტები,“- განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ნინა ბიგანიშვილმა.

სტატია ამ დრომდე  „ალია“-ს ვებ-გვერდზე დევს. გაზეთის რედაქტორს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. შემდგომი რეაგირებისთვის დეპუტატი ჩივილს სასამართლოშიც გეგმავს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი და მათ გამავრცელებლებს გარშემომყოფებმა მორალური დისკომფორტი უნდა შეუქმნან.

„ქარხანა არსებობს ეგეთი ტროლების, იცით, შექმნა „ Facebook“  პოსტი ჩემი, ყალბი და აი, ეს „ Facebook“ პოსტი ყალბი შემდეგ გადაამრავლა „ალია“-მ  და ჯორჯიან თაიმზ“-მა და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის საშინელი სიყალბეა, დღემდე დევს ეს მათ ვებ გვერდზე. ყველა ასეთი უმსგავსობა უნდა ამხილოს ადამიანმა, რომ მათ ჰქონდეთ მორალური დისკომფორტი, მათ რეალურად სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ, არ უნდა მიესალმონ მეგობრები, ნათესავები, საზოგადოებაში ისინი უნდა იყვნენ ფურთხის ღირსი,“- განაცხადა დეპუტატმა.

საქმე ეხება  სტატიას, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა თითქოს და „ Facebook“  სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც ზაზა სარალიძის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს შეიცავდა. რომან გოცირიძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს ბინძური ჭორი იყო და მსგავსი სტატუსი არასდროს დაუწერია.

დღის ამბები