17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
დაკითხვის "ენკავედეშნიკური" ფორმით - იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  იუსტიციის საბჭო წევრების კითხვებს ამ წუთებში, გენადი მაკარიძე პასუხობს. საბჭოს წევრებმა უკვე მოუსმინეს ერთ მოქმედ მოსამართლეს, მერაბ ლომიძეს. ხმაურის მიზეზი კი არამოსამართლე წევრების შეკითხვებია, რომელიც მოსამართლეების ე.წ. კლანს უკავშირდება.

არამოსამართლე წევრებმა კოლეგების კრიტიკა დამატებითი კითხვების გამო დაიმსახურეს. მოსამართლე წევრები თვლიან, რომ ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არა მოსმენა, არამედ „დაკითხვა“.

მოსამართლების კანდიდატ მერაბ ლომინაძეს ნაზი ჯანეზაშვილმა ლევან მურუსიძის გავლენებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ლომინაძემ თქვა, რომ მურუსიძე, როგორც ხელმძღვანელი პირი არის ლიდერი. 

„ბატონ ლევანს არ უგულისხმია, მე რომ ლიდერი ვარ, ვარ მოსამართლეების უფროსი და მოსამართლეები მემორჩილებიან. ეს დარწმუნებული ვარ, არ უგულისხმია. მან იგულისხმა, რომ არის სასამართლოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე, მანამდე იყო საბჭოს მდივანი, მერე ასოციაციის თავმჯდომარე და როგორც ხელმძღვანელი პირი არის ლიდერი,“ - ამბობს ლომინაძე.

ლომინაძე საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის თანაშემწე იყო. არამოსამართლე წევრების კითხვები ამ ფაქტსაც შეეხებოდა. ლომინაძის თქმით, საბჭოში გასაუბრების შემდეგ დამტკიცდა, რომ პროცესზე გავლენა არავის მოუხდენია.

„ჩემს დანიშვნას რა შეეხება, პირდაპირი გავლენა არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანის ყოფილიყო, როცა მოსამართლე ინიშნება, მთელი საბჭო სწავლობს ამ მოსამართლის შესაძლებლობებს, თვისებებს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე, იმდროინდელმა საბჭომ ჩათვალა, რომ მე უნდა დავნიშნულიყავი მოსამართლედ,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

განმარტებები იუსტიციის საბჭოს წევრებმა გასაუბრების დასრულების შემდეგაც გააკეთეს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პასუხები მათ ლომინაძისგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. 

„ის იყო ჩინჩალაძის თანაშემწე. ცხადია, ამასთან დაკავშირებით დავსვი შეკითხვები, მაინტერესებდა, რა გავლენა მოახდინა მის კარიერაზე, თუნდაც ის დაეხმარა თუ არა, რეკომენდაციით, როდესაც გახდა მოსამართლე და ა.შ. თუმცა, ამაზე ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე. ასევე, მივიღე ძალიან ზოგადი პასუხები უამრავ თემასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მე ვსვამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს და როგორც ჩანს, საბჭოს წევრებისთვის ეს სხვა ასოციაციებს იწვევს, ჩემთვის გაუგებარია რატომ,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები