შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციების გამო პოლიციაში გამოკითხვების სერია გრძელდება.
ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და მასთან ერთად კიდევ 9 ადამიანი. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ფორმით ივანიშვილი მათ დაშინებას ცდილობს.
თუმცა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას არ ცვლიან და აქციების გაგრძელებას კვლავაც გეგმავენ. ივანიშვილის ოჯახიდან კი პოლიციაში ხმაურის გამო ჩივილით დარეკეს, რადგან მათი თქმით, აქცია ღამის საათებში ხმაურს იწვევს. პოლიცია რამდენიმე დღეა ცდილობს დაადგინოს, აღემატება თუ არა ხმაური კანონით დასაშვებ დონეს.
„აქციებით შეწუხებული ივანიშვილი ცდილობს ყოველ მეორე დღეს მისი ოჯახისგან სიმბოლურად 5-5 დარეკვით 112-ში დაგვიბარონ გამოკითხვაზე, ზეგავლენა მოახდინონ ჩვენზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამით ფიქრობენ, გადავიფიქრებთ აქციებში მონაწილეობას ან არ მივალთ და პროტესტს შევაჩერებთ, ათი კაცი ვართ დაბარებული,“-ამბობს ბესო ქათამაძე.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ეს დევნა აღარ არის, დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიები. მისი თქმით, აქციები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ზეწოლის მიუხედავად გაგრძელდება.
„როგორც ჩანს ეს ხელისუფლება დაადგა სრული უზურპაციის გზას, აღარც დემოკრატია აინტერესებთ, აღარც საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, მთავარი მიზანია მოსპონ და ყველანაირი საშუალება მოუსპონ ოპოზიციას, თავი საკონსტიტუციო გარანტირებული უფლებები გამოიყენონ,“-ამბობს ვაშაძე.